რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა
რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრ სკორიკი აცხადებს. მისი თქმით, ვითარება ყოველდღიურად უარესდება.
„დღეისთვის ხარკოვი-კიევის ავტომაგისტრალზე ყველა ავტოგასამართი სადგური სრულად განადგურებულია, მათ შორის ვალკის დასახლებაში, ქალაქ ჩუტოვოსა და პოლტავის მიმართულებით მდებარე სადგურები“, – განაცხადა სკორიკმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ვალკის დასახლებაში ფუნქციონირებდა, რუსეთმა 26 ივლისს გაანადგურა.
საერთო ჯამში, რუსული ძალების იერიშების შედეგად ქვეყნის მასშტაბით მწყობრიდან გამოვიდა 200-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური, მათგან 80 ხარკოვის ოლქში მდებარეობს. თუმცა, დეპუტატის თქმით, საწვავის ბაზარზე კრიზისი არ შეინიშნება.