რუსეთმა ღამით უკრაინის ათ რეგიონზე იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი

12:09, 17.06.2023

რუსეთმა ღამით უკრაინის ათ რეგიონზე სარაკეტო იერიში სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. იერიშის შედეგად დაზიანდა 30-ზე მეტი კერძო სახლი და სამეურნეო შენობა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ტყეში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

დონეცკის რეგიონში სარაკეტო იერიში რეგიონის ცხრა დასახლებაზე მიიტანეს. დაღუპულია ერთი ადამიანი. დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მაღაზია, სკოლა.

დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 81 წლის მამაკაცი, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ჩერნიგოვის რეგიონში დაიწვა ოთხი სამეურნეო შენობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო სუმის რეგიონში დაფიქსირდა 117 აფეთქება, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი