რუსეთმა ღამით უკრაინაზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლება და სამხედროები მოქალაქეებს მოუწოდებენ, განგაშის სიგნალის გაუქმებამდე უსაფრთხო ადგილებზე დარჩნენ
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა დაიწყო. თავდასხმისას ერთდროულად იყენებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, ასევე დამრტყმელ დრონებს. ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის ობოლონის რაიონში დარტყმები არასაცხოვრებელ შენობებზე, პოდოლის რაიონში კი საწყობებზე განხორციელდა. დნეპრში რუსეთმა სამრეწველო საწარმოს დაარტყა. დარნიცის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაშია. ხელისუფლება და სამხედროები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საფრთხის სიგნალის გაუქმებამდე უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებოდა.