რუსეთმა ღამით კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა ღამით კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი.
მედიის ცნობით, საჰაერო განგაში კიევში ადგილობრივი დროით საღამოს 22:00 საათზე გამოცხადდა. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. საჰაერო განგაში კიევში დილის 05:00 საათზე გაუქმდა.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ ისკანდერის ტიპის 14 ბალისტიკური რაკეტა და 250 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. სამხედროების ცნობით, საჰაერო ძალებმა 6 რაკეტა და 128 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 117 დრონი „ლოკაციურად დაიკარგა“. დედაქალაქის გარდა იერიშის ძირითადი სამიზნე ასევე იყო დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები.