რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე 172 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტებით მიიტანა იერიში
რუსეთი ღამით უკრაინას 172 უპილოტო საფრენი აპარატით, ასევე „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და ეს-300-ის საზენიტო რაკეტით დაესხა თავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩამოგდებული და გაუვნებელყოფილია სხვადასხვა ტიპის 136 დრონი. დაფიქსირდა სარაკეტო და დრონების დარტყმები 13 ლოკაციაზე.
მანამდე უკრაინის რკინიგზის წარმომადგენლებმა, ასევე, ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ განაცხადეს რკინიგზის ქვესადგურებზე მასირებული დარტყმის შესახებ, რის შედეგადაც ათობით სამგზავრო რეისი შეყოვნდა.
რუსული დრონებით თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა პოლტავისა და კიროვოგრადის ოლქებში მდებარე საწარმოსა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ტერიტორიაზე. კიროვოგრადის ოლქში 45 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დღეს დილით რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ ინგულცეზე საავიაციო ბომბით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი წლის გოგონა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღამით რვა უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.