რუსეთმა დაბომბა უკრაინის ოდესის ოლქში „ორლოვკის“ გაზის გამანაწილებელი სადგური, რომლის საშუალებითაც უკრაინა აზერბაიჯანულ გაზს იღებს
რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქში „ორლოვკის“ გაზის გამანაწილებელი სადგური დაბომბა, რომლის საშუალებითაც ივლისში უკრაინამ აზერბაიჯანული გაზის მიღება დაიწყო.
სადგური რუმინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ სადგურზე ხანძარი ჩამქრალია და ახლა სისტემას გაზისგან ცლიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ხანძარმა დანადგარები გაანადგურა და მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებამ დროებით გათიშა 2500 აბონენტი.
თვითმხილველების ცნობით, „ორლოვკის“ სადგურზე 15-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა.
რუსმა ჟურნალისტმა, რუსლან ოსტაშკომ დაწერა: „სიგნალი ალიევისთვის, მოსკოვმა კიევ-ბაქოს გაზის დერეფანზე დარტყმა განახორციელა“.
ტრანსბალკანური დერეფანი, რომელიც უკრაინას არარუსული წარმოშობის გაზის იმპორტის საშუალებას აძლევს, ოდესის ოლქზე გადის. 2025 წლის ივლისში უკრაინამ პირველად დაიწყო გაზის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის (OGTSU) ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი მაკოგონის თქმით, სატესტო პარტიამ 70 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ტრანსბალკანური დერეფანი საბერძნეთიდან (ან აზერბაიჯანული გაზის შემთხვევაში – თურქეთიდან) უკრაინამდე ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის გავლით მიდის.