რუსეთმა ბელარუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
რუსეთმა ბელარუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა 26 თებერვლიდან ბელარუსიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, „როსსელსხოდნადზორსა“ და ბელარუსის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები დღეს გაიმართება.

ბელარუსიდან რუსეთში აიკრძალა რძის, ნაღებისა და  რძის სხვა პროდუქტების შეტანა. „როსსელსხოდნადზორში“ განმარტეს, რომ აკრძალვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და რუსეთის ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების დარღვევებს უკავშირდება. რუსული მხარის ცნობით, 2017 წელს ბელარუსის საწარმოების მიერ ვეტერინარულ-სანიტარული ნორმების 596 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან, 376 შემთხვევა რძის პროდუქციას უკავშირდებოდა.

2017 წელს ბელარუსი რუსეთში რძის პროდუქტის ძირითადი ექსპორტიორი იყო. ბელარუსზე რუსეთში იმპორტირებული რძისა და ნაღების 92% მოდის.

ბელარუსის რძის ნაწარმის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას მინსკი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებენ. როგორც ბელარუსის ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად კი, ევრაზიული ეკონომიკური კომისიის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კოლეგიის წევრმა, სერგეი სიდორსკიმ განაცხადა, „როსსელსხოდნადზორის“ მიერ მსგავსი აკრძალვის დაწესება უსაფუძვლოა.