რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსყიდვით ჩატარებასთან დაკავშირებით, ამერიკის პროკურატურის ბრალდებას უპასუხა
რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსყიდვით ჩატარებასთან დაკავშირებით, ამერიკის პროკურატურის ბრალდებას უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მის ქვეყანაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსყიდვით ჩატარებასთან დაკავშირებულ ამერიკის პროკურატურის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა. „ჩვენ არ ვიცით რაზეა საერთოდ საუბარი, რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კანონიერად მოიპოვა და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველობა ჩაატარა“, – ციტირებს პესკოვის სიტყვებს „სპორტ-ექსპრესი“.

ვრცელი გამამტყუნებელი აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს გადაეცა, შეიცავს მრავალრიცხოვან ბრალდებებს ფიფა-ში კორუფციასთან დაკავშირებით, – წერია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

იტყობინებიან, რომ რუსეთმა და ყატარმა 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მისაღებად ფიფა-ს ჩინოვნიკები მოისყიდეს. ბრალდებაში წერია, რომ ფიფა-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა რუსეთისგან მიიღო ქრთამი 5 მილიონი დოლარის ოდენობით. რაფაელ სალგეროს, რომელიც ასევე იყო ფიფ-ას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ერთ მილიონ დოლარს დაჰპირდნენ.

ყატარის კანდიდატურისთვის ხმის მიცემისთვის ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ და ფიფა-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ნიკოლას ლეოსმა.