რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთმა 31 ივლისამდე დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა და მიმდინარე თვეში სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტსაც დაიწყებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ეკონომიკისთვის ზიანისკენ მიმართული „მტრული მცდელობების“ მიუხედავად.
„აშკარაა, რომ მტერი ცდილობს, ზიანი მიაყენოს ეკონომიკას, რაც მთავარია, საზოგადოებაში დაძაბულობა შექმნას. ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწევს. რუსეთის ენერგოსისტემა ძალიან მდგრადია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაწვდის ინფორმაციას, ამ ეტაპზე აგროსექტორის საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. სექტორი სრულად უზრუნველყოფილია და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. გთხოვთ, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღოთ“, – აღნიშნა პუტინმა.
ამავე სხდომაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა 8 ივლისს დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, რომელიც 31 ივლისამდე იმოქმედებს, ხოლო ივლისში ქვეყანა სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტსაც დაიწყებს.
„ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული ვითარება მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს. არსებული ამოცანების გადასაჭრელად და სიტუაციის დასასტაბილურებლად მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს“, – აღნიშნა ნოვაკმა.
რუსეთში საწვავის კრიზისი მაისის ბოლოდან დაიწყო, უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების ფონზე.