რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სოჭში სამმხრივ სამიტზე სირიის კრიზისი განიხილეს
რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სოჭში სამმხრივ სამიტზე სირიის კრიზისი განიხილეს

სირიის კრიზისი იყო განხილვის მთავარი თემა სოჭში რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების სამმხრივ სამიტზე. შეხვედრაზე სამი ქვეყნის ლიდერებმა თქვეს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებულად იმოქმედებენ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარას სირიაში ახალი ჰუმანიტარული კრიზისის წარმოქმნა არ სურს და იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო კომიტეტის ფორმირება უახლოეს მომავალში მოხდება.

„სამმა გარანტორმა ქვეყანამ უამრავი პოლიტიკური რეგულირება გააკეთეს. არასდროს არ ყოფილა ამდენი იმედი. როდესაც ზღვა გადავლახეთ, არ გვაქვს უფლება, რომ მდინარეში დავიხრჩოთ“, – თქვა ერდოღანმა.

კონფლიქტზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სირიის იდლიბის რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმმა ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევაზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს. ვლადიმერ პუტინის თქმით, სამხედრო ჯგუფების მხრიდან აგრესიულმა ქმედებებმა დაუსჯელად არ უნდა ჩაიაროს. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას.

ირანის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სირიაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებზე და თქვა, რომ ისრაელის მხრიდან სირიის საჰაერო სივრცის დარღვევაზე და ავიაიერიშებზე გაერო დუმს.