რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რომან სტაროვოიტი, რომლის რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა დღეს დილით მოაწერა ხელი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც რუსული მედია წერს, წინასწარი ინფორმაციით, სტაროვოიტმა თავი მოიკლა. მის ცხედართან ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

რომან სტაროვოიტი ტრანსპორტის სამინისტროს 2024 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში არ არის მითითებული, რა გახდა სტაროვოიტის ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზი.

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ნიკიტინი დანიშნა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილე იყო. ის ასევე ნოვგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორია.

როგორც რუსულ ტელეგრამარხებში წერენ, რომან სტაროვოიტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა მოადგილემ, კურსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა. თავად სმირონოვი, რომელიც გუბერნატორის თანამდებობას შვიდი თვე – 2024 წლის დეკემბრამდე იკავებდა, კურსკის ოლქში დამცავი ნაგებობების მშენებლობაზე 1 მილიარდი რუბლის ოდენობის მიტაცებისთვის არის დაკავებული.