რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ დრონების გაშვების შედეგად დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და ქიმიური საწარმო, შეჩერებული იყო რამდენიმე აეროპორტის მუშაობა
ღამით უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 100 დრონი გაუშვა, დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ქიმიური საწარმო, შეჩერებული იყო რამდენიმე აეროპორტის მუშაობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბრიანსკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად ცხრა საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ულიანოვსკის რეგიონში კი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, „როსავიაციამ“ დროებითი შეზღუდვები დააწესა მოსკოვის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტების, ასევე კალუგის, ვოლგოგრადის, სარატოვის, სამარის, პენზისა და ულიანოვსკის აეროპორტების მუშაობაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ბრიანსკის ოლქში 46 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კალუგის ოლქში – 12, ბელგოროდის ოლქში – 8, კრასნოდარის ოლქში – 7, მოსკოვის ოლქში – 6, მათ შორის ოთხი მოსკოვისკენ მიმავალი, 6 – ულიანოვსკის ოლქში, ყირიმისა და მარი ელის რესპუბლიკებში – 3-3, სტავროპოლის ოლქში – 2, კურსკის, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში კი – თითო-თითო.