რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, განადგურებულია 24 დრონი.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საჰაერო თავდაცვის სისტემებით ოთხი უკრაინული დრონი ჩამოგდებულია ბრიანსკის, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში. უწყებაში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო აპარატების სამიზნეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტი წარმოადგენდა.

მოსკოვში ასევე განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა ღამის განმავლობაში განხორციელდა ჯერ მოსკოვის, კალუგისა და ბრიანსკის ოლქებზე, რომელთა ტერიტორიებზეც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, შემდეგ კიდევ ცხრა დრონი ჩამოაგდეს ღამით კალუგის, ბრიანსკისა და ტულის ოლქებში.

როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, თავდასხმის შედეგად ტულის ოლქში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დრონი შეეჯახა. თუმცა, როგორც ოლქის გუბერნატორი ამბობს, დაზიანება უმნიშვნელოა და არავინ დაშავებულა.

რამდენიმე შენობის დაზიანების შესახებ იუწყება მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც. მისივე თქმით, იერიშის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

მოსკოვის ოლქზე იერიშის გამო დროებით შეწყვეტილი იყო რუსეთის დედაქალაქის აეროპორტების, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ ფუნქციონირება. როგორც რუსული მედია წერს, მოგვიანებით აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.

კალუგის ოლქში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანება არ დაფიქსირდა.