რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქი სამხედროები დაბომბვის დროს „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდნენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქი სამხედროები დაბომბვის დროს „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდნენ

თურქი სამხედროები დაბომბვის დროს ჯიჰადისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ დაჯგუფება სირიის სამთავრობო არმიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებდა, რა დროსაც სირიის ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ სირიაში მოქმედი შერიგების რუსული ცენტრი ანკარასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა, რეგულარულად ითხოვდა და იღებდა ინფორმაციას თურქი სამხედროების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მახლობლად იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ბეჰუნის მახლობლად თურქეთის არმიის დანაყოფები არ იყვნენ განლაგებული და იქ არც უნდა ყოფილიყვნენ.