რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით გადასროლილი ძალები ყაზახეთიდან გავიდნენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით გადასროლილი ძალები ყაზახეთიდან გავიდნენ

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთში დაწყებული მასობრივი არეულობების შემდეგ, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით გადასროლილი ძალები, უკან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამშვიდობო ძალების რვა ერთეული თვითმფრინავი ივანოვოს აეროდრომზე დაეშვა და ისინი მუდმივი განთავსების ადგილებს დაუბრუნდებიან“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, მანამდე, ივანოვოსა და ჩაკლოვსკის აეროდრომებზე უკვე დაეშვა ყაზახეთიდან გამოფრენილი რვა ერთეული თვითმფრინავი, რომელთა გამოყენებით რუსული სამხედრო ძალები დაბრუნდნენ ქვეყანაში.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიმართვის საფუძველზე დაწყებული არეულობების საპასუხოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, „კუხოს“ ეგიდით, 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა.