რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში მკვეთრად წინ წაიწიეს და ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა რივნოპილია აიღეს. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ასევე აიღეს მალა ტოკმაჩკა, რომელიც ორიხოვიდან 9 კმ-ში მდებარეობს.

„როიტერის“ ცნობით, რივნოპილიას აღება ქალაქ ჰულაიპოლეს რუსული შეტევის მორიგ სამიზნედ აქცევს.

კიევში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში, მათ შორის ჰულაიპოლესთან ბრძოლები გამწვავდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19%-ს აკონტროლებს, რაც ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ერთი პროცენტით მეტია.