რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ჩაბარებისთვის 06:00-დან 13:00 საათამდე დროს აძლევს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ჩაბარებისთვის 06:00-დან 13:00 საათამდე დროს აძლევს

რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება.

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე, როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებსა და უცხოელ დაქირავებულებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი. ყველასთვის, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე გარანტირებულია“, – აღნიშნავს რუსული მხარე.

ოკუპანტების შეთავაზებით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დილის 05:00 საათზე მხარეთა შორის კომუნიკაციის დამყარების შეთავაზებას აკეთებენ.

დილის 05:30 საათიდან რუსები სავარაუდოდ გამოაცხადებენ „სრული დუმილის რეჟიმს“ და „მისი მკაცრი დაცვის“ გარანტიას იძლევიან.

დილის 06:00 საათზე ორივე მხარის მხრიდან „დუმილის რეჟიმის“ დაწყებას, რუსეთის ფედერაციის გეგმის მიხედვით, დროშების აღმართვა მიუთითებს – რუსეთის მხრიდან წითელის, ხოლო უკრაინის მხრიდან თეთრის, „აზოვსტალის“ გასწვრივ, მთელ პერიმეტრზე. ის, რომ მხარეები მზად არიან „დუმილის რეჟიმის“ შემოღებისთვის, ყველა საკომუნიკაციო არხით უნდა დადასტურდეს და 06:00-დან 13:00 საათამდე უკრაინელმა მებრძოლებმა „აზოვსტალი“ იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე უნდა დატოვონ.