რუსეთის თავდაცის უწყება - რუსული თვითმფრინავი სირიის სამხედრო ძალების მიერ ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცის უწყება - რუსული თვითმფრინავი სირიის სამხედრო ძალების მიერ ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს

სირიაში გაუჩინარებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე 15 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. მოსკოვი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, რადგან რუსული მხარის მტკიცებით, ისრაელის გამანადგურებლები რუსულ ილ-20-ს ამოეფარნენ.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად, 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა სირიის ლატაკიის პროვინციაში განგებ შექმნეს საშიში სიტუაცია. რუსული მხარე ისრაელს მტრულ ქმედებებში ადანაშაულებს.

როგორც მოსკოვში განაცხადეს, ისრაელმა მოსკოვი სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ავიაიერიშამდე ერთი წუთით ადრე გააფრთხილა.

რუსული მხარის განცხადებით, ისრაელის კუთვნილი F-16-ის ტიპის ოთხმა გამანადგურებელმა გუშინ, ლატაკიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამასთან, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ფრანგული ხომალდიდან რაკეტები გაუშვეს. იერიშიდან მალევე, რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რუსეთის თავდაცვის უწყება კი აცხადებს, რომ რუსული მხარე ისრაელის ქმედებებზე ადეკვატური პასუხის უფლებას იტოვებს.