რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისი საქმის ბარათი მოსკოვის სიმონოვსკის რაიონის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც თავად ნავალნიმ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებული მისი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. მანამდე სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლით ემუქრებოდა, რადგან „ის სასამართლოს მხირდან დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა“.

ნავალნის ადვოკატის თქმით, მან ცნობა იმის შესახებ მიიღო, რომ ოპოზიციონერმა „ივ როშეს“ საქმეზე გამოსაცდელი ვადა ვერ შეასრულა. ნავალნის პრესმდივნის თქმით, სასჯელაღსრულების სამსახურმა ნავალნის გამოჩენა 29 დეკემბერს მოითხოვა. მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს, მის ძმას კი 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძმებმა ნავალნებმა დანაშაული უარყვეს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.