რუსეთის სასამართლომ ალექსეი არესტოვიჩი „ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებასა“ და „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21:21, 28.08.2026

რუსეთში სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

არესტოვიჩი დამნაშავედ ცნეს „ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებისა“ და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.

მედიის ცნობით, საქმის საფუძვლად იქცა 2022 წლის 17 მარტს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩანაწერები, ასევე „იუთუბზე“ განთავსებული ვიდეო, რომელშიც რუსულმა სასამართლომ „რუსეთის ჯარების გადაადგილებისა და მომარაგებისთვის გამოყენებული რკინიგზების განადგურებისკენ მოწოდება“ დაინახა.

გარდა ამისა, საქმეში ნახსენებია ისიც, რომ 2022 წლის 8 აპრილს არესტოვიჩმა „ტელეგრამსა“ და „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პოსტი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ, რითაც, რუსული სასამართლოს მტკიცებით, მან „ცრუ ინფორმაცია“ გაავრცელა.

„რა დახვეწილი „დაფარვის ოპერაციაა““, – გამოეხმაურა არესტოვიჩი „ტელეგრამზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობიდან 2023 წლის იანვარში გადადგა და ქვეყანა მალევე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წლის პირველ მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას არესტოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.

მსგავსი