რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრივოი როგზე, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 13 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ დარტყმა ერთ-ერთ საწარმოზე განხორციელდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.
დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
კრივოი როგზე დარტყმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ყველა მსგავსი რუსული დარტყმა ადასტურებს, რომ უკრაინას სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, რათა შევძლოთ ჩვენი ხალხის დაცვა უკრაინაში რუსული ტერორისგან. ვმუშაობთ ამისთვის ყველა პარტნიორთან“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.