რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ნიკოპოლზე „გრადებით“ განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის არმია ოლქის ოთხ რაიონს დაესხა თავს და იერიში 100-ზე მეტი რაკეტით მიიტანა. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას მარინკის და პესკის მიმართულებით ახორციელებენ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის გენშტაბის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის საარმიო ნაწილებმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ბახმუტისა და ზაიცევოს მახლობლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ცე 300“-ის კომპლექსებით სარაკეტო იერიში განახორციელეს კრამატორსკის კერძო დასახლებებზე. სამხრეთ საზღვრებზე უკრაინის არმიამ შეუტია რუსეთის ჯარების სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს. უკრაინის არმიამ სამხედრო ვერტმფრენები, ბომბდამშენები და არტილერია გამოიყენა.