რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

„აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.