რუსეთის სამხედრო ძალებმა კრივოი როგზე საჰაერო იერიში განახორციელეს, დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი

00:32, 05.04.2025

რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივოი როგს შეუტიეს, რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ექვსი ბავშვის, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. შედეგად, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ოცამდე მრავალსართულიანი კორპუსი, 30-ზე მეტი ავტომობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვების ობიექტები.

ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.

შემთხვევას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია.

„რუსული რაკეტა ქალაქს დაეცა. უბრალოდ ქუჩას. საცხოვრებელი სახლების ტერიტორიას. წინასწარი ინფორმაციით, ეს ბალისტიკური რაკეტის დარტყმა იყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინული მედია წერს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში 30-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, დაშავებულთა ნაწილი საოპერაციო განყოფილებაშია.

მსგავსი