რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირებისთვის საზღვრების დაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური იტყობინება, ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.

„ყურადღებას გავამახვილებ, რომ „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“ ფედერალური კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო სამსახურს ყველა დაქვემდებარებულმა პირმა“, -დაწერა ვოლოდინმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმებოდა.

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება.