რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ერთგულება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა 9 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შევიდა ძალაში. თუმცა, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხური მხრიდან გავრცელდა ურთიერთბრალდებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.