მოსკოვში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება „ყველა გარემოების“ გათავალისწინებით უნდა მიიღონ 
მოსკოვში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება „ყველა გარემოების“ გათავალისწინებით უნდა მიიღონ 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში გამართულ დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებებზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ სერგეი ვერშინინმა გამოცემა „იზვესტაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი განიხილებოდა. მე შემიძლია, მხოლოდ დავეყრდნო განცხადებებს, რომლებიც თავად მინისტრმა და პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მდგომარეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“, – განაცხადა ვერშინინმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსეთი უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის განახლების წინაპირობებს, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯები მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით გადაიდგმება.

„ჩვენთვის ძვირფასია ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მათი ნორმალიზებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.