რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „ნოვიჩოკში“ შემავალ ქიმიურ შენაერთებზე წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნები მუშაობდნენ
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „ნოვიჩოკში“ შემავალ ქიმიურ შენაერთებზე წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნები მუშაობდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებებში შემავალ ქიმიურ შენაერთებთან წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნები და ნატო-ს სპეციალიზირებული სტრუქტურები მუშაობდნენ.

ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის მისამართით გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებებს მოსკოვში „მტრული“ უწოდეს.

„იმ უაპელაციო განცხადებების გათვალისწინებით, თითქოს, პარალიტიკური მოქმედების ტოქსიკური ქიმიური შენაერთები, რომლებსაც დასავლეთში „ნოვიჩოკს“ უწოდებენ, ჩვენთან არის შემუშავებული, აუცილებელია, შემდეგის შეხსენება: წლების განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების აღნიშნულ ფართო ჯგუფში შემავალ შენაერთებზე მუშაობდა მრავალი დასავლური ქვეყნისა და ნატო-ს სპეციალიზირებული სტრუქტურების სპეციალისტი. აშშ-ში კი, მაგალითად, მათი საბრძოლო გამოყენების ტექნოლოგიების შემქმნელებისთვის ოფიციალურად გაცემულია 150-ზე მეტი პატენტი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.