რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, „ასეთი განცხადება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია“.

„ეს განცხადებები აგებულია იმ სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები, ასევე უკრაინა – ჯერ ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინისგან განსახვავებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნის საქმეში“. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის“.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. მაია სანდუს თქმით, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა. მისივე თქმით, კიევის მიერ კიშინიოვისთვის გადაცემულ დოკუმენტებში დივერსიული ქმედებებისთვის საჭირო ლოჯისტიკაა გაწერილი. სანდუს განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.