რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა

არ შეიძლება, გადაიდოს ის, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის გადადების შესახებ.

მისივე თქმით, შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა.

„არ შეიძლება, გადაიდოს ის, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა. ის, რაც ზოგიერთმა დასავლურმა წყარომ დაწერა, ჩვენ არ დაგვიდასტურებია. მსგავსი კონტაქტის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმება არ გვქონია“, – განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვის თქმით, შეხვედრის ორგანიზებას სათანადო მომზადება სჭირდება.

„როგორც იდეა, ეს არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, ის მომზადებას მოითხოვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გუშინ სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ ეს საკითხი განიხილეს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ცნობისთვის, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. როგორც „სიენენის“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, შეხვედრის გადადების ერთ-ერთი მიზეზი რუბიოსა და ლავროვის განსხვავებული მოლოდინებია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე.