რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის გუნდმა რუსეთთან დიალოგის აღდგენისადმი ინტერესი გამოხატა
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის გუნდმა რუსეთთან დიალოგის აღდგენისადმი ინტერესი გამოხატა

დონალდ ტრამპის გუნდმა რუსეთთან დიალოგის აღდგენისადმი ინტერესი გამოხატა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვის თქმით, რუსეთი ამ დიალოგისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რაც არაერთხელ იყო ნათქვამი, მათ შორის მზად ვართ უკრაინაში მოსაგვარებელი საკითხების განსახილველად, მაგრამ მხოლოდ თანასწორ, ორივე მხარისთვის მისაღებ საფუძველზე“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო უწყებებს შორის გარკვეული ურთიერთქმედება მიმდინარეობს.

ამასთან, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა, მისი აზრით, შეთანხმებები იქნება.

რიაბკოვის თქმით, მოსკოვს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვარზე იყო, თუმცა ახალი ადმინისტრაციის დროს გაჩნდა მცირე შესაძლებლობის ფანჯარა მათი ნორმალიზაციისთვის.

„ისარგებლებენ თუ არა აშშ-ის წარმომადგენლები ამ შანსით, დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მათზე“, – განაცხადა რიაბკოვმა.