რუსეთის საგარეო უწყება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო უწყება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გაგრძელდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პრაქტიკული საკითხების განხილვა. შევაჯამეთ შუალედური შედეგები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. შვიდი თვის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 45%-ით გაიზარდა და 815 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იზრდება ქართული ღვინის მიწოდება რუსეთში. ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ამ პროდუქციის მთავარი იმპორტიორი საქართველოს მიერ ექსპორტზე გატანილი მთელი ღვინის 60%-ის შეძენით.

რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო კავშირი მოცულობები. მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რეგულარული ავიარეისებით გადაყვანილია 562 000 მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებელს მესამედზე მეტით აღემატება. იზრდება საავტომობილო და სარკინიგზო-საბორნე ტვირთების გადაზიდვის მოცულობები.

ქართულმა მხარემ გვაცნობა რუსული ხორბლის საავტომობილო ტრანსპორტით შეტანის მოქმედი წესის შენარჩუნების შესახებ. რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის სწრაფი დაწყებისადმი. გ.ბ.კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის მოწვევა უახლოეს დროში შეთანხმებების შესრულების სამუშაოს დასაწყისი გახდება.

მთელი დაგროვილი პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა. გ.ბ კარასინმა აღნიშნა საკმაოდ ნეგატიური როლი, რომელსაც თბილისი ასრულებს ამ სამხედრო ბლოკის რუსეთისა და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან მიახლოებით. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების არამეგობრული განცხადებები დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთმომგებიან პროცესზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.