რუსეთის საგარეო უწყება - სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნება ახალი დეპარტამენტი, რომელიც „რბილი ძალის“ საკითხებზე იმუშავებს
რუსეთის საგარეო უწყება - სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნება ახალი დეპარტამენტი, რომელიც „რბილი ძალის“ საკითხებზე იმუშავებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნება ახალი დეპარტამენტი, რომელიც „რბილი ძალის“ საკითხებით იქნება დაკავებული, მაგრამ მისი საქმიანობა „როსსატრუდნიჩესტვოსთან“ დუბლირებული არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ე.წ. რბილი ძალის ელემენტების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აქტიური გამოყენების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განიხილება დეპარტამენტის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას და მასში განიხილება კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების, განათლებისა და სპორტის საკითხები“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

„იგეგმება, რომ ახალი დეპარტამენტი საკუთარ თავზე აიღებს რუსეთის ფედერაციის ზოგადი პოლიტიკის შემუშავებას საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში, ამ მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრას, მთავრობათაშორისი შეთანხმებების მომზადებას, რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლს, აგრეთვე საკონსულტაციო და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც სპეციალიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე არასამთავრობო სტრუქტურებს, კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკისა და უცხოური აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება ამ სფეროებში სტრატეგიული ხაზის ფორმირებასა და საქმიანობის კოორდინაციაზე, მაშინ, როდესაც, მაგალითად „როსსატრუდნიჩესტვოს“ უფლებამოსილებები ძირითადად საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარების პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული.

„შესაბამისად, „როსსატრუდნიჩესტვოსთან“ და სხვა ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოებთან ფუნქციების დუბლირება არ მოხდება“, – დაამატეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.