რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი იტოვებს უფლებას, გადადგას საპასუხო ნაბიჯები საქართველოს, მონტენეგროს, ბელგიისა და უნგრეთის მიმართ
რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი იტოვებს უფლებას, გადადგას საპასუხო ნაბიჯები საქართველოს, მონტენეგროს, ბელგიისა და უნგრეთის მიმართ

მოსკოვი უფლებას იტოვებს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები საქართველოს, მონტენეგროს, ბელგიისა და უნგრეთის მიმართ, რომლებმაც სხვა დასავლურ ქვეყნებთან ერთად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთის, ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში ჩამოთვლილ ქვეყნებს შეუერთდნენ ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო, რუსეთი იტოვებს უფლებას ამ სახელმწიფოების მიმართ საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის ხელისუფლებამ იმ 23 ქვეყნის დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებმაც თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს და საპროტესტო ნოტები გადასცეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ს საკონსულოს ხურავს.

როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის საპასუხო ზომები რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრებთან განიხილა.

სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, 26-29 მარტს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს. კერძოდ, აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ -13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხ-ოთხი; ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამ-სამი; ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორ-ორი; თითო-თითო ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.