რუსეთის საგარეო უწყება – ლავროვმა რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია კიევისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელება, ასევე ევროპული ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის ფართო სპექტრი, რაც ბოლო პერიოდში უმაღლეს დონეზე გამართული კონტაქტების გაგრძელებას წარმოადგენდა.
„უკრაინასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგას საბრძოლო მოქმედებების ხაზზე რეალური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია კიევის ხელისუფლებისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელება და, ზოგადად, ევროპული ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკა, რომლებიც კვლავ ცდილობენ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუბიოსთან შეხვედრაზე ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის და ერთგული რჩება იმ წინადადებების, რომლებიც ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე წამოაყენა და რომლებსაც რუსეთის ლიდერი დათანხმდა“.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რუბიომ და ლავროვმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება.
„სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო მიესალმებიან „როსკოსმოსსა“ და NASA-ს შორის სრულმასშტაბიანი თანამშრომლობის აღდგენას. მათ ასევე მხარი დაუჭირეს საპარლამენტო ურთიერთობებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობისთვის ნორმალური პირობების აღდგენის საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა უწყებებს შორის კონტაქტები გაგრძელდება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის მონაწილეობით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.