რუსეთის საგარეო უწყება ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთის საგარეო უწყება ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 14 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

რუსული მხარე შეხვედრის ჩაშლის მიზეზად დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელი საკითხების შეტანას ასახელებს.

„მიზეზი გახდა ის, რომ მონაწილეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთ ოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე. ამან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია აიძულა, შეხვედრა დაეტოვებინა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონფრონტაციულ ქმედებებს“ წარსულში უკვე გამოუწვევია გალში ანალოგიური მექანიზმის მუშაობის შეჩერება.

„თბილისის მიერ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზებაზე აღებული კურსი სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის შექმნილი ამ სასარგებლო ფორმატის დაბლოკვის საფრთხის მატარებელია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „ცხინვალი უარს არ ამბობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სხდომებში მონაწილეობაზე“.