რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების დროს მხარეებმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვართან არსებულ გამწვავებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების რიგით 50-ე რაუნდზე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოითქვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გამწვავებულია სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისა და სადავო საკითხების დარეგულირების გზების მოძებნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად აქცენტი გააკეთა ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების შესათანხმებლად ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე. რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ამასთან ერთად, რუსეთის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშნველოვანია ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. მათ შორისაა სასაზღვრო გადასასვლელებზე არსებული რეჟიმის შემსუბუქება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა „კვარაცხელიას“ საქმესთან დაკავშირებით მასალები გაცვალეს. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ჟენევის შემდეგ მოლაპარაკებები 2020 წლის აპრილის ბოლოს გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეებმა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ის კვლავ რჩება მოლაპარაკებების უალტერნატივო პლატფორმად ერთ მხარეს თბილისს, მეორე მხარეს კი სოხუმსა და ცხინვალს შორის.

ჟენევის დისკუსიების რიგით 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.