რუსეთის საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა
რუსეთის საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა

რუსეთის საგარეო უწყება ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას „საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა“.

„რუსეთმა მომხდარის შესაბამისი შეფასებები გააკეთა და ადეკვატური რეაქცია გამოავლინა. მოვუწოდეთ არ შექმნან დამატებითი პრობლემები ჟენევის ველზე, რათა მოგვეცეს საშუალება გაგრძელდეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკების პროცესი. აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ ფაქიზ დამოკიდებულებაზე, რომლის დამსახურებითაც მოხერხდა 10-წლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის უზრუნველყოფა და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე შედარებით სტაბილურობის შენარჩუნება. ასეთ მიდგომას მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარემ დაუჭირა მხარი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ „მოლაპარაკების დროს მოახდინეს კონსტატაცია, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში არ არსებობს“.

„რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შესაბამისი დოკუმენტის მიღება კვლავ მოითხოვონ, რასაც სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, თბილისის არამეგობრული რიტორიკის ფონზე მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში, რეგიონული უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ“.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „დისკუსიებზე განხილული იყო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული მდგომარეობა“.

„აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული სიტუაცია, მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარის მიერ, გარდა ქართულისა, შეფასდა როგორც სტაბილური და მართვადი. აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ინფორაცია საქართველოსთან საზღვრის კვეთაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების მიზეზების შესახებ და ამასთანავე, წარმოადგინა მონაცემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წლისთავზე კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მნიშვნელოვან კლებაზე: ბოლო ათწლეულში 2008 – 2018 წლებში 1998-2008 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 243-დან 11-მდე შემცირდა”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საერთაშორისო დისკუსიების 49 -ე რაუნდი ოქტომბერშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი