რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს პასუხობს - ცეცხლთან თამაში სისულელეა, ეს შეიძლება საშიში გახდეს
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს პასუხობს - ცეცხლთან თამაში სისულელეა, ეს შეიძლება საშიში გახდეს

რუსეთი აშშ-ის მიერ ანტირუსული სანქციების გაფართოებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცეცხლთან თამაში სისულელეა, რადგან ეს შეიძლება საშიში გახდეს. ამის შესახებ ნათქავამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებაში.

რიაბკოვის თქმით, აშშ ვერასდროს შეძლებს უკარნახოს რუსეთს თავისი პირობები. დიპლომატი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი სანქციების დაწესებით მხოლოდ გლობალურ სტაბილურობას აზარალებს.

„ცუდი არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა ისეთი ცნება, როგორიცაა გლობალური სტაბილურობა, რომელსაც ისინი დაუფიქრებლად უთხრიან ძირს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დაძაბულობის გამწვავებით. ცეცხლთან თამაში სისულელეა, ეს ხომ შეიძლება საშიში გახდეს“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გუშინ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შავ სიაში დამატებით 27 ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია შეიყვანა.