რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინასთან შავ ზღვაში ორმხრივი შეთანხმების საფუძველს ვერ ხედავენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ვერ ხედავენ საფუძველს“ უკრაინასთან შავ ზღვაში ორმხრივი ზავის შესახებ შეთანხმებისთვის.
ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით „მედუზა“ ავრცელებს.
„ვერ ვხედავთ სიტუაციის გაუმჯობესების რაიმე წინაპირობას და, შესაბამისად, არც ნახევარზომების საფუძველს, რომლებიც კიევის რეჟიმს მხოლოდ დროებით ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა 8 აგვისტოს სააგენტო „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების თაობაზე მორატორიუმის შესახებ შეთანხმება შესთავაზა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ თურქეთის შეთავაზება საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან გააჟღერა, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მხარეს ანკარისგან ოფიციალური მიმართვა არ მიუღია.
13 აგვისტოს სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტა შესთავაზა. წყაროების ცნობით, კიევმა საკუთარი წინადადება მოსკოვს მესამე ქვეყნის შუამავლობით გადასცა.