რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე სერგეი ლავროვის მოადგილეს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე სერგეი ლავროვის მოადგილეს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო 5 დეკემბერს პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე თავისი დაინტერესება დაადასტურა. მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხიც.

„მოსკოვი მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისთვის შესაბამისი მიდგომა თბილისმა გამოიჩინოს. საქართველოში არსებული ვითარების მიმოხილვისას აღინიშნა, რომ მოსკოვი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ განიხილავს.

რუსეთი პრინციპულად იკავებს თავს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.