რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებს მოუწოდა, უკრაინაში დარჩენისა და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

17:57, 03.10.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებს მოუწოდა, რომ უკრაინაში დარჩენისა და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას რუსული მედია ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნებისმიერ შესაძლო უარყოფით შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც ამ გაფრთხილებას უგულებელყოფს“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყებამ მსგავსი მიმართვა მანამდეც გაავრცელა და კიევში მყოფ უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებთან ყოფნისგან თავის არიდებისკენ  მოუწოდა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები მასშტაბურ საპასუხო დარტყმებს გააგრძელებენ“, – წერია ოფიციალური უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია კიევიდან საელჩოების ევაკუაციის შესახებ.

მსგავსი