რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სერგეი ლავროვი და ვან ი ნატო-ს მხრიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მილიტარიზაციის გეგმების წინააღმდეგ გამოვიდნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ნატო-ს მხრიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მილიტარიზაციის გეგმების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსეთი და ჩინეთი გაერთიანებული არიან რეგიონის მილიტარიზაციის ქმედებებისა და გეგმების წინააღმდეგ, მათ შორის, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად იქ სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების მცდელობების წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკა მიზნად ისახავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ასეან-ცენტრული სისტემის ძირის გამოთხრას.
ამავდროულად, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს გლობალური ურთიერთობების სისტემაში მზარდი ტურბულენტობის ფონზე რუსეთსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას.