რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს აფასებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი შეაფასა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 9-10 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს რუსეთის, ცხინვალისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამოთქვეს შეშფოთება რეგიონში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის და საქართველში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის გამო.

„რუსულმა მხარემ მოუწოდა თბილისს, უზრუნველყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლების დაშვება საერთაშორისო ფორუმებზე, უპირველესად კი გაერო-ში, სადაც ჟენევის დისკუსიების პრობლემატიკა განიხილება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, დისკუსიების დროს განხილული იყო ძალის გამოუყენებლობის თემაც.

„მხარეების პრინციპულმა უთანხმოებამ 2008 წლის შეთანხმების ინტერპრეტაციებსა და ამიერკავკასიაში მტკიცე სტაბილურობის დამყარების გზებზე, ხელი შეუშალა ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას”, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, „შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სტაბილურობაა“.

ამასთან, კრემლში ამტკიცებენ, რომ ე.წ. საზღვარზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს.

„შეხვედრისას მხარეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.