რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ნათაქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს არაფორმალური დიალოგის მექანიზმის ფარგლებში რუსი სენატორი გრიგორი კარასინი ვიდეოკონფრენეციის რეჟიმში ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებებში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის ლიდერისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ამ სამმხრივი შეთანხმების რეალიზაცია, კერძოდ სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენის ნაწილში, ახალ შესაძლებლობას უხსნის იმიერკავკასიის ყველა სახელმწიფოს, საქართველოს ჩათვლით“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე პრაქტიკული საკითხი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია: „მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ დაადასტურა ორმხრივი განწყობა, რომ 2019 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენების ნეგატიური შედეგები აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, რომ რუსოფობული რიტორიკა, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ რადიკალურად განწყობილი წრეები საარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები გამოიყენებენ ამომრჩევლების მიერ მათთვის მინიჭებულ ნდობის მანდატს, რათა ხელი შეუწყონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პროცესის ნორმალიზაციის გაგრძელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებების დროს განხილული იყო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების გაზრდის შესაძლებლობები.

„მოლაპარაკების დროს მხარეები შეეხნენ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც. ამისთვის აუცილებელი პირობები ყველასთვის კარგად ცნობილია: საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების აღმოფხვრა. ამას გარდა, აუცილებელია, ორივე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შედეგად შექმნილი სანტიდატრულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზაცია“ – წერია განცხადებაში.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განხილული იყო 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთებით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ შეთანხმების ომპლემენტაციის პერსპექტივები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ქართველ პარტნიორებთან ერთად კონსტრუქციულად იმოქმედოს „კოვიდ-19„-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ვაქცინების გამოყენების გზით.“

„ამასთან, კარასინმა მიანიშნა შეშფოთებაზე, რომელიც რჩება სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს თბილისის შემოგარენში მდებარე ლუგარის სახელობის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და მოუწოდა ქართულ მხარეს, უზრუნველყოს ამ ობიექტის რუსი სპეციალისტების მიერ მონახულება“- ნათქვამია განცხადებაში.

„შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ მოსკოვისა და ასევე ჩვენი აფხაზი და ოსი პარტნიორების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო პრეტენზიების საპასუხოდ, ე.წ. ბორდერიზაციისა და „უკანონო დაკავებების“ თაობაზე, მითითებული იყო, რომ საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოებას. აქცენტი გაკეთდა პროვოკაციებისა და საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შეწყვეტის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ წამოჭრილი საკითხები კონსტრუქციულად უნდა გადაწყდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჩარჩოში. ასევე გამოითქვა ორმხრივი ინტერესი, რომ მოსკოვში განლაგებული საქართველოს დიპლომატიური უძრავი ქონებისა და თბილისში მდებარე რუსული დიპლომატიური ქონების პრობლემის დარეგულირება ურთიერთგების პრინციპის საფუძველზე დარეგულირდეს“, – განცხადებაში ნათქვამია, რომ კარასინისა და აბაშიძის მომდევნო შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში პრაღაში გაიმართება, თუ ეს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მოხერხდება.