რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჯო ბაიდენისგან რუსეთი „არაფერს კარგს“ არ ელოდება
რუსეთი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან „არაფერს კარგს“ არ ელოდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ გამოცემა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, უცნაური იქნებოდა კარგი რამის მოლოდინი ხალხისგან, რომლებმაც კარიერა რუსოფობიაზე და რუსეთისთვის ტალახის სროლაზე გააკეთეს.
„ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია უნდა გადავიდეს ორმხრივ მიდგომაზე: აშშ-ის სრული შეკავება ყველა მიმართულებით, რადგან აშშ-ის პოლიტიკა ღრმად მტრულია რუსეთის მიმართ და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს. მეორე მხარე არის შერჩევითი დიალოგი, აშშ-ის ჩართვა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის არის საინტერესო და არა იმ თემებზე, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა საინტერესო. როდესაც ამ რელსებზე გადავალთ, ვფიქრობ, შეიძლება გამოჩნდეს თანდათანობითი საფუძვლები ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.