რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი სკრიპალის შვილის მოწამვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი სკრიპალის შვილის მოწამვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის შვილის, რუსეთის მოქალაქის იულია სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა. მისი თქმით, აღძრულია საქმე მკვლელობის მცდელობის შესახებ.

„გამოძიება ჩატარდება რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.  იგეგმება გამოძიებაში მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართვა, ასევე გამომძიებლები მზად არიან დიდი ბრიტანეთის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა პეტრენკომ.

რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთი მათ მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. იულია სკრიპალი მოსკოვიდან ლონდონში 3 მარტს ჩავიდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრიტანული სპეცსამსახურები განიხილავენ ვერსიას, რომ მომწამვლელი ნივთიერება იულიას ჩანთაში ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში მის გამგზავრებამდე, მოსკოვში მოათავსეს.