BBC-ის სერიალს, რომელშიც მერაბ ნინიძე თამაშობს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო აკრიტიკებს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო BBC-ის ახალ სერიალს McMafia-ს აკრიტიკებს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ BBC-ის სერიალი მაყურებელს რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ ნეგატიურად განაწყობს.

„McMafia-ში დიდი ბრიტანეთი ასახულია, როგორც მოედანი რუსი განგსტერებისთვის. გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის რიცხვი ძალიან მცირეა. იმედია, მაყურებელი ამ კლიშეებს არ აჰყვება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

BBC-ის ამ ეტაპზე რუსეთის საელჩოს კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„ტელეგრაფი“ დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში რუსეთის 35 მოქალაქე დააპატიმრეს, რაც პოლონეთის, ლიტვისა და პორტუგალიის მოქალაქეების რიცხვზე ნაკლებია, მაგრამ დაპატიმრებულების რიცხვი მეტია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, დანია და ბელგია.

McMafia ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. ახალი მინისერიალი კრიმინალური თრილერის ჟანრშია გადაღებული და ის სულ რვა ეპიზოდს მოიცავს. McMafia ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შექმნილი, რომლის ავტორი მიშა გლენია.

სერიალში ქართველი კინომსახიობი მერაბ ნინიძე პარტნიორობას უწევს ჯეიმს ნორტონს, რომელიც რუსი ემიგრანტების შვილს განასახიერებს. ნორტონის გმირს მაფიოზურ კლანებთან აქვს კავშირები და ცდილობს, წარსულს გაექცეს, თუმცა ეს არცთუ მარტივია.