რუსეთის რამდენიმე ქალაქში შავი თოვლი მოვიდა
რუსეთის რამდენიმე ქალაქში შავი თოვლი მოვიდა

ციმბირში თოვს. თუმცა, ქათქათა ფიფქების ნაცვლად, რუსეთის ქვანახშირის მომპოვებელი აუზის მოსახლეობას ცხოვრება ბნელ, სამრეწველო კოშმარში უწევთ.

სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, ნახშირბადის მომპოვებელ რეგიონ კერემევოს სამი სხვადასხვა ქალაქი, სქელი, შავი, ტოქსიკური თოვლის საბურველში გაეხვა. მიზეზი ქვანახშირის მტვერია, რომელიც ატმოსფეროში ვრცელდება. ამჯერად მან ზედაპირიც დააბინძურა.

ქალაქ პროკოპიევსკში, კისილიოვსკსა და ლენინსკ-კუზნეცკიში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. რუსულმა მედიამ სურათებს პოსტ-აპოკალფსური უწოდა.

კიდევ უფრო უცნაური და საზარელია პრობლემის დამალვის მცდელობა. დეკემბერში „იუთუბზე“ აიტვირთა ქალაქ მისკის ცენტრალურ რეკრეაციულ ნაწილში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ არის თოვლის ზედაპირი დაფარული თეთრი საღებავით. აშკარაა, რომ ამ გზით ქალაქის ხელისუფლება შავი თოვლის დამალვას ცდილობდა.

კუზნეცკის ქვანახშირის აუზი დაახლოებით 70 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და წარმოადგენს ქვანახშირის მომპოვებელ ერთ-ერთ უდიდეს ზონას მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის რუსეთის ქვანახშირის წარმოების 60 პროცენტი. პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ღია მაღაროების, მოსამზადებელი ქარხნებისა და ქვანახშირის საწყობების გამო, ახლომდებარე ქალაქების მოსახლეობას ცხოვრება უბრალოდ საშინელებაში, მტვრის ჩრდილში უწევს.

გარემოს დამცველთა შეფასებით, კუსბასის რეგიონში ადამიანთა ჯანმრთელობის მაჩვენებელი კატასტროფულია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 4 წლით ნაკლებია დანარჩენ რუსეთთან შედარებით, სასტიკად მაღალია დაავადებათა მაჩვენებელი.

რუსეთის საგამოძიებო უწყებათა ცნობით, ისინი შეისწავლიან, ირღვევა თუ არა გამონაბოლქვის სტანდარტები, რასაც უკვე დიდი ხანია, ოპოზიცია ამტკიცებს.

პროკოპიევსკის ქვანახშირის საწარმოს დირექტორის განცხადებით, შავი თოვლის მიზეზი გახდა ქარხნის დამცავის გატეხვა, რის გამოც ქვანახშირის მტვერი ატმოსფეროში ავიდა.

თუმცა, კერემევოს რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ანდრეი პანოვი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მიზეზი არა მხოლოდ ქვანახშირის ინდუსტრია, არამედ ავტომობილების გამონაბოლქვიც არის.

ეკოლოგიური პრობლემის გამოსწორება ნაკლებ სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ქვანახშირის უზარმაზარი ინდუსტრია ამჟამად ნამდვილ ბუმს განიცდის.

დებატები გრძელდება, დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, ამასობაში კი ციმბირში კვლავ შავი ფიფქები ცვივა.

 

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.