რუსეთის ქალაქებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. აქცია უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ მიერ არის ორგანიზებული.
აქციის მონაწილეები მოსკოვში, ლუბიანკის მოედანზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იკრიბებიან და 1937-1938 წლებში მოკლულთა სახელებს კითხულობენ.
ორგანიზაცია „მემორიალში“ აცხადებენ, რომ რეპრესირებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, მხოლოდ მოსკოვში დახვრიტეს 30 ათასზე მეტი ადამიანი, მთელ საბჭოთა კავშირში კი სიკვდილი მილიონ 250 ათას ადამიანს მიუსაჯეს.
„ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული ფურცლების გახსენება, როდესაც უამრავ ადამიანს ცრუ ბრალდება წარუდგინეს, დახვრიტეს ან შრომა-გასწორებით ბანაკებში გაგზავნეს“, – განაცხადა „მემორიალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენა ჟემკოვმა.
პოლიტიკური რეპრესიების ხსოვნის დღე რუსეთში ოფიციალურად 30 ოქტომბერს აღინიშნება, თუმცა ორგანიზაცია „მემორიალი“ აქციას ჩვეულებრივ ერთი დღით ადრე მართავს ხოლმე.